ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, თუმცა მისივე თქმით, უწყება ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებს.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის მაჩვენებლით ამ დროისთვის თბილისი, აჭარა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ლიდერობს.
„ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, ვატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას. აღსრულების ნაწილში შრომის ინსპექცია არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ მონიტორინგი გაუწიოს, თუ რამდენად სრულდება ის რეგულაციები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ჯანდაცვის სამინისტროდანაა მოწოდებული როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ვაქცინაციის პროცესშიც არის კლება, რაც მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ 40%-იან ნიშნულს, სადაც ქვეყნის მოსახლეობაა აცრილი და გაწერილი იყო კალენდრით. გვაქვს გარკვეული გრადაციები, სადაც ლიდერობენ თბილისი, აჭარა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი. დანარჩენ მუნიციპალიტეტში ჩვენ არ გვაქვს ის ნიშნულები, რაც თბილისში და აჭარაშია, სადაც მოსახლეობის 70%-მდე არის ორმაგი დოზით აცრილი. მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენ რეგიონებშიც მოვუწოდოთ მოსახლეობას მაქსიმალურად გააქტიურებისკენ, გამოვიყენოთ ყველა ის მექანიზმი, რითაც ეფექტური გახდება ვაქცინაციის პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინით ნოემბრისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს“, - განაცხადა ტიკარაძემ.