დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს.მან ასევე დაადასტურა, რომ შეზღუდვების დაწესების მომხრეა.
„პროგნოზი არ არის საიმედო. დღესაც გაიცა დავალებები, რომ მომზადდეს შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაცო საბჭო გადაწყვეტს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის ინფიცირების 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა, თუმცა ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა, რაც მოსახლეობაში გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით არის განპირობებული.
„დაკვირვების მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობა არ არის მძიმე, იმიტომ, რომ ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არ არის, 46 000-მდეა აქტიური შემთხვევა, მაგრამ ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა. ვფიქრობ, ეს განპირობებულია გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით. მილიონი ადამიანი აცრილია და ბოლო კვლევებით 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია, ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას. გასულ სამშაბათს გვქონდა 4800 შემთხვევა და, ზრდა გვაქვს, მაგრამ მცირე და სწორხაზოვანი. ვაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.