ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს ვაქცინა რეგისტრაციის გარეშე გაიკეთოს.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 400-დან 500 ადამიანამდე აცრას უზრუნველყოფენ . ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ,, Pfizer" - ის, ,,Sinovak" - ის და ,,Sinopharm" - ის ვაქცინებით. ,,Sinopharm" - ით აცრა შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც მეორე დოზით უწევთ ვაქცინის გაკეთება.
რიგით მესამე ცენტრი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო დროულად და ეფექტურად რეაგირებს ყველა იმ საკითხზე, რაც დგას ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ჭიათურაში გაიზარდა მოსახლეობის მომართვიანობა აცრაზე და შესაბამისად დავამატეთ ახალი ამცრელი სივრცე, სადაც შესაძლებელია დღიურად დაახლოებით 400-500 ადამიანის გამტარუნარიანობა მოხდეს. ეს არის უკვე იმერეთის მასშტაბით მესამე სივრცე. იქედან გამომდინარე თუ გაიზრდება მოთხოვნა, ჩვენ კიდევ დავამატებთ ახალ ამცრელ სივრცეებს" - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მოქალაქეების მისვლას საჭიროების შემთხვევაში ჭიათურის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.
რეგიონში ამ ეტაპზე სამი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი: ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიხსნა.