წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი წლოს საუკეთესო პედაგოგად დასახელდა.ნათია კილაძეს შესაბამისი სერთიფიკატი და სამკერდე ნიშანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად გადასცა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
2022 წლის კონკურსის ფარგლებში ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, დიანა წურწუმიამ მოიპოვა, ქართულის – როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის საჯარო სკოლის პედაგოგი ზვიად ფიფია გახდა, ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს ქეთევან ემრაშვილს მიენიჭა.
2022 წლის ქართული ენის, ქართულის – როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა. კონკურსის პარტნიორები არიან – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.