არალეგალური ნაგავსაყრელები საქართველოში- პრობლემა რომელიც მისი მნიშვნელობის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ნაკლებად პრიორიტეტულად აღიქმება, ეს იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში არალეგალური ნაგავსაყრელების რიცხი სამწუხაროდ წლებთან ერთად მზარდია, შესაბამისად ჰაერის დაბინძურების ხარისხის მაღალი ნიშნული და კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტ სახიფათო რისკებს ქნის. დღესდღეობით, საქართველოში ნარჩენების განთავსების სისტემის მთავარ ღერძს მუნიციპალური ნაგავსაყრელები წარმოადგენს.
,,აქტორის,, მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 29 არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართვო ძველი ნაგავსაყრელია, არცერთ მათგანზე გარემოსდაცვითი ნებართვა არ არსებობს. ეკოლოგების ნაწილი პრობლემას მათ არასწორ ფუნქციონირებაში ხედავს, გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე ამბობს რომ ამ დრომდე, რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების დახარისხება არ ხდება, რაც მთავარ არსს- ნარჩენების მართვადობას ვერ უზრუნველყოფს. პარალელურად თემაზე საუბრისას ეკოლოგი წამყვან პრობლემად სტიქიური ნაგავსაყრელების ზრდის ტენდენციას ასახელებს.
,,კლიმატის მოქმედებათა გეგმაში გაწერილია რომ 2023 წელს საქართველოში რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა უნდა დასრულდეს, რაც ძალიან მეეჭვება , რადგან ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ აჭარაში გვაქვს თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელი , რაც შეეხება სტიქიურ ნაგავსაყრელებს , მათი კერები დღემდე წარმოადგენს ემისიას სათბური გაზებისა, რადგან ასეთი კერების დახურვა ძირითადად კუსტარულად ხდება შესაბამისად სახეზეა მეთანის გამოყოფა, რაც ატმოსფერულ ჰაერში გაიბნევა და გარემოს დაბინძურების საშიშ რისკებს ქმნის, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს რომ შეინიშნება არალეგალური ნაგავსაყრელების ზრდის ტენდენცია“ აცხადებს ნინო ჩხობაძე.
სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობის თვალსაზრისით გამონაკლისი არც იმერეთის რეგიონი და კერძოდ ქუთაისია, ფოტომასალაში აღბეჭდილი სანიტარული კერები კი მხოლოდ ნაწილია იმ ვითარებისა, რაც აქტორის მკითხველის ინფორმირებისთვის არაერთხელ გაგვიშუქებია, მწვანეყვავილას მიმდებარედ გაპონოვის ქუჩაზე, სამშენებლო ინერტული მასალები, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ პოლიეთილენის ნარჩენები არამარტო ხმელეთს აბინძურებს, მდინარე რიონსაც უერთდება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისს აქვს ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტმა 2018 წელს შეიმუშავა და 5 წლიან პერიოდს 2018-2022 წლებს მოიცავდა. ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების ხელმძღვანელი ირწმუნება , რომ გეგმის 90% შესრულებულია.
,,ქალაქში ორი სტიქიური ნაგავსაყრელია, მწვანე ყვავილას ქუჩაზე და სინაგოგასთან ახლოს. დაგეგმილია მათი მიწით გადაფარვა და მიმდებარე ტერიტორიაზე კამერების დაყენება, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი პრობლემა. სხვა ადგილებში ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი არ არსებობს. თუკი სადმე არის ასეთი, ეს იქნება კერძო სუბიექტის ტერიტორია, ზოგიერთი მათგანი სპეციალურად აყრევიებს რათა მოხდეს მისი ტერიტორიის გასწორება, ქალაქს ამ დრომდე არ აქვს ინერტული მასალების პოლიგონი, რადგან მოძიებული ნაკვეთების მოსაზღვრე მეპატრონები ამის წინააღმდეგნი არიან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მეზობელ მუნიციპალიტეტებთან (წყალტუბო, ბაღდათი-ვანი, სამტრედია)იმ მიზნით რომ გაკეთდეს ინერტული მასალების საერთო პოლიგონი“ -აცხადებს ტყაბლაძე.
როდესაც ვსაუბრობთ არალეგალური ნაგავსაყრელების შემცირებასა და მართვაზე, ჯაჭვურ ბმაში უნდა აღინიშნოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის საჭიროება და სოციალური პასუხისმგებლობა. ნიშანდობლივ პრობლემად ხშირად იკვეთება არასაკმარისი კონტეინერები, განსაკუთრებით დახარისხების თვალსაზრისით.
კითხვაზე რამდენად მოცვადია ქალაქის მასშტაბით არსებული კონტეინერები ტყაბლაძე აცხადებს:,,ქალაქში განთავსებულია 1500 კონტეინერი და ასევე სეპარირებისთვის დამატებით 150 კონტეინერი, როგორც მოგეხსენებათ მოქმედებს ნარჩენების გატანის ორი პრინციპი. კონტეინერებით და ასევე ზარის სისტემა. ზარის სისტემა მუშაობს კერძო დასახლებებში, ხოლო კონტეინერების სისტემა მუშაობს საერთო ბინებთან და ასევე ცენტრალურ გზებზე. ჩვენს მიერ და დონორების დახმარებით შევძელით ქუთაისში შეგვექმნა მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი, რომელიც პირველია საქართველოში.შენობა არის 3024 მ2 სადაც მხოლოდ მწვანე ნარჩენების დამუშავება მიმდინარეობს.“
სოციალური პასუხისმგებლობის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების საკითხია ის, როდესაც ცარიელი ურნების გარშემო ინსტიქტურად მოსროლილი ნარჩენების პარკებს ვაწყდებით, თუმცა ქალაქში ბევრს ალბათ არც დაცლის მოლოდინში გადავსებული და მიმოფანტული ნაგავი უკვირს.
პრობლემის ლოკალურობას თუ გავცდებით, უახლოესი წლების გლობალური ანალიზი ასეთია, დაბინძურებისა და ჯანმრთელობის გლობალური ალიანსის 2019 წლის ანგარიშით ატმოსფერული და შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების შედეგად საქართველოში წელიწადში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე 140 ადამიანი კვდება, აღნიშნული მაჩვენებლით ამავე წელს საქართველომ, ევროპის რეგიონში სერბეთის შემდეგ მეორე ადგილი ,,დაიმსახურა.“ 2021 წლის მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საშუალო წლიური კონცენტრაციის მიხედვით, საქართველო 117 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა, სადაც კონცენტრაცია 21 მკგ/მ3-ს შეადგენს . ამავე ანგარიშში დასავლეთ აზიის ყველაზე დაბინძურებული ქალაქების რიცხვში რუსთავიც შევიდა.
ეკა შალამბერიძე