არალეგალური ნაგავსაყრელები საქართველოში, პრობლემა რომელიც მისი მნიშვნელობის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ნაკლებად პრიორიტეტულად აღიქმება, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არალეგალური ნაგავსაყრელების რიცხი სამწუხაროდ წლებთან ერთად მზარდია, შესაბამისად ჰაერის დაბინძურების ხარისხის მაღალი ნიშნული და კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტ სახიფათო რისკებს ქნის. დღესდღეობით, საქართველოში ნარჩენების განთავსების სისტემის მთავარ ღერძს მუნიციპალური ნაგავსაყრელები წარმოადგენს.აქტორის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 29 ოფიციალური, მაგრამ უნებართვო ძველი ნაგავსაყრელია, არცერთ მათგანზე გარემოსდაცვითი ნებართვა არ არსებობს. ეკოლოგების ნაწილი პრობლემას მათ არასწორ ფუნქციონირებაში ხედავს, გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ამ დრომდე, რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების დახარისხება არ ხდება, რაც მთავარ არსს - ნარჩენების მართვადობას ვერ უზრუნველყოფს. პარალელურად თემაზე საუბრისას ეკოლოგი წამყვან პრობლემად სტიქიური ნაგავსაყრელების ზრდის ტენდენციას ასახელებს. ,,სტიქიურ ნაგავსაყრელების კერები დღემდე წარმოადგენს ემისიას სათბური გაზებისა, რადგან ასეთი კერების დახურვა ძირითადად კუსტარულად ხდება, შესაბამისად სახეზეა მეთანის გამოყოფა, რაც ატმოსფერულ ჰაერში გაიბნევა და გარემოს დაბინძურების საშიშ რისკებს ქმნის, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს რომ შეინიშნება არალეგალური ნაგავსაყრელების ზრდის ტენდენცია,ხოლო მიუხედავად კლიმატის მოქმედებათა გეგმაში გაწერილი ვადებისა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა 2023 წელს უნდა დასრულებულიყო ამ დრომდე თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელი მხოლოდ აჭარაშია“ -აცხადებს ნინო ჩხობაძე.
ეკოლოგის მიერ დასახელებული ვადების არგუმენტირებისთვის აქტ2-ის მკითხველს უახლოეს წარსულს შევახსენებთ, როდესაც ჯერ კიდევ 2023 წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა- მაია ცქიტიშვილმა, ხელი მოაწერა ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას და დააანონსა, რომ 2023 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებული ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელები 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელით ჩაანაცვლდებოდა.
პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, კი ქუთაისთან ახლოს იმავე წლის მარტში უნდა დაწყებულიყო და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდებოდა, ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურებოდა. პროექტი, რომლის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროს შეადგენდა ასევე ითვალისწინებდა ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას
„ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი იქნება ამიტომ დისკომფორტი, რასაც მოსახლეობა განიცდის ნაგავსაყრელების სიახლოვეს, აღარ იარსებებს. “–აცხადებდა ცქიტიშილი.
რა ხდება დღეს? აწუხებს თუ არა იგივე დისკომფორტი, კვლავაც მოქმედი ნაგავსაყრელის გამო, ნიკეას მიმდებარედ მცხროვრებ მოსახლებას, აქტ2 კიდევ ერთხელ გაესაუბრა ადგილობრივებს. ,,შვილო დაგვცინი თუ რას მეკითხები? გამოიარე აბა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენთან და ნახავ თუ არ შეგაწუხებს, რძეზე რომ ერთი ამბავი ატყდა ცოტა ხნის წინ, თქვენ გგონიათ ამ ნაგავსაყრელზე მობალახე ძროხები, ნაკლებ უბედურებას ჭამენ? იმათი არც რძე არ დაილევა და არც ხორცი იჭმევა, წლები ვსუნთქვავთ იქედან წამოსულ ნაგავს და მტვერს“- აცხადებს 72 წლის ბიქტორ კუჭუხიძე.
ობიექტურობისა და თემის ღრმა ანალიზისთვის 10 წლიან წარსულს გადავხედოთ, ჯერ კიდევ 2015 წელს გერმანიის განვითრების ბანკმა (KFW) 20 მილიონი ლარი ქუთაისის მახლობლად ახალი ნაგავსაყრელის მოწყობისთვის გამოყო, ადგილზე, სადაც წარსულში საბჭოთა სამხედრო ბაზა იყო, განაღმვითი სამუშაოებიც დასრულდა, თუმცა პროექტი რომელიც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო და 1956 წელს გახსნილი ამჟამად ჯანმრთელობისთვის საშიში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის ალტერნატივას წარმოადგენდა ქართული მხარის მიერ პირობების არშესრულების გამო ჩავარდა. გარდა იმისა, რომ დაიკარგა უცხოელი მეგობრების ნაჩუქარი 20 მილიონი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ევროპული გამოცდილების გაზიარების სახით, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის გადაწყვეტა გაურკვეველი ვადით გადაიდო და პერსპექტივა პროცესების დაძვრიდან 10 წლის თავზეც არ სჩანს.
აღსანიშნავია რომ ქუთაისს აქვს ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტმა თავდაპირველად 2018 წელს შეიმუშავა და 5 წლიან პერიოდს 2018-2022 წლებს მოიცავდა. ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ ტყაბლაძე ირწმუნება, რომ გეგმამ კარგად იმუშავა და თითქმის სრულად შესრულდა.
,,ქალაქში ორი სტიქიური ნაგავსაყრელია, მწვანე ყვავილას ქუჩაზე და სინაგოგასთან ახლოს. დაგეგმილია მათი მიწით გადაფარვა და მიმდებარე ტერიტორიაზე კამერების დაყენება, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი პრობლემა. სხვა ადგილებში ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი არ არსებობს. თუკი სადმე არის ასეთი, ეს იქნება კერძო სუბიექტის ტერიტორია, ზოგიერთი მათგანი სპეციალურად აყრევიებს რათა მოხდეს მისი ტერიტორიის გასწორება, ქალაქს ამ დრომდე არ აქვს ინერტული მასალების პოლიგონი, რადგან მოძიებული ნაკვეთების მოსაზღვრე მეპატრონები ამის წინააღმდეგნი არიან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მეზობელ მუნიციპალიტეტებთან (წყალტუბო, ბაღდათი-ვანი, სამტრედია)იმ მიზნით რომ გაკეთდეს ინერტული მასალების საერთო პოლიგონი“ -აცხადებს ტყაბლაძე.
ნარჩენების ეფექტურ და უსაფრთხო მართვას, რომ ევროკავშირით ნაკისრ ვალდებულებებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ეს არახალი ინფორმაციაა, ამ მხრივ ქვეყანასა და კონკრეტულად ქუთაისში არსებული ვითარება კი კრიტიკას ვერ უძლებს ორგანიზაციაში ,,ევროპა ჩვენი სახლია“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის საჯარო განცხადებებში ეს თემა წლების მანძილზე საკმაოდ აქტუალურია.
,,ქუთაისისთვის ეს საკითხი წლების გადაუჭრელი პრობლემაა, ამ მხრივ კვლავ ქაოსი, მიმდინარე და პოტენციური მძიმე შედეგებია მოსალოდნელი, ქალაქის მასშტაბით ათობით უნებართვო ნაგავსაყრელია, რაც გარდა იერსახის დაზიანების და ესთეტიური მხარისა, დაავადებების კერაა და სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს. გარდა ზოგადი პოლიტიკის არარსებობისა, კონკრეტული რეკომენდაციების კატეგორიული იგნორირების რეჟიმში, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დუმილით დანაშაულის თანამონაწილე ხდება. ასეთ მაგალითად შეიძლება დასახელდეს მწვანეყვავილას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი, რაზეც სხვა ლოკაციებთან ერთად, არაერთხელ და არაერთი ფორმით მივმართეთ მერიას, გავაკეთეთ ამკრძალავი ბანერები, თუმცა მოსახლეობის ნაწილი გამოგვიტყდა, რომ უნებართვო ნაგავსაყრელის შენარჩუნება მერიასთან შეთანხმებულია და მთავარი მიზანი გზის გაფართოებაა, რაც სერიოზული მსჯელობის ადგილს არ ტოვებს. პრობლემა ღრმავდება მდინარე რიონის დაბინძურების გამოც, გარდა აღნიშნულისა, უნებართვო ნაგავსაყრელები მხოლოდ ქუთაისის ტერიტორიაზე რიონის სანაპიროებზე ათეულობით ადგილზეა მოწყობილი. არადეგრადირებადი და ტოქსიკური ნარჩენების მდინარეში მოხვედრა მძიმე შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. მსგავსი სტანდარტი გარემოზე უარყოფითი ზიანის მაჩვენებელს მხოლოდ ზრდის, არანაირი დადებითი დინამიკის მოლოდინს არ ტოვებს იმის გათვალისწინებითაც, რომ ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელი დიდი ხანია დადგენილი სტანდარტების მიღმაა და მისი დახურვის გარდაუვალი აუცილებლობა წლების წინ დადგინდა. ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს განსაკუთრებით თბილ სეზონზე ხშირად ხელოვნურად თუ ბუნებრივი პირობებით აალებული სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობისთვის მავნებელი ქიმიური ნივთიერებების სუნთქვა უწევს, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსაკუთრევით ნიკეას, თაბუკაშვილის, სულხან საბას და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობის პროტესტი, თუმცა პრობლემის გადაწყვეტის მიზნით არანაირი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.“ -აცხადებს ბარათაშვილი.
ქალაქის ცენტრალური ნაწილი,აღმაშენებლის ქუჩა.
როდესაც ვსაუბრობთ არალეგალური ნაგავსაყრელების შემცირებასა და მართვაზე ჯაჭვურ ბმაში უნდა აღინიშნოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის საჭიროება და სოციალური პასუხისმგებლობა, ნიშანდობლივ პრობლემად ხშირად იკვეთება არასაკმარისი კონტეინერები, განსაკუთრებით დახარისხების თვალსაზრისით. კითხვაზე რამდენად მოცვადია ქალაქის მასშტაბით არსებული კონტეინერები ტყაბლაძე აცხადებს: ,,ქალაქში განთავსებულია 1500 კონტეინერი და ასევე სეპარირებისთვის დამატებით 150 კონტეინერი, როგორც მოგეხსენებათ მოქმედებს ნარჩენების გატანის ორი პრინციპი. კონტეინერებით და ასევე ზარის სისტემა. ზარის სისტემა მუშაობს კერძო დასახლებებში, ხოლო კონტეინერების სისტემა მუშაობს საერთო ბინებთან და ასევე ცენტრალურ გზებზე. ჩვენს მიერ და დონორების დახმარებით შევძელით ქუთაისში შეგვექმნა მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი, რომელიც პირველია საქართველოში.შენობა არის 3024 მ2 სადაც მხოლოდ მწვანე ნარჩენების დამუშავება მიმდინარეობს.“
სოციალური პასუხისმგებლობის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების საკითხია ის, როდესაც ცარიელი ურნების გარშემო ინსტიქტურად მოსროლილი ნარჩენების პარკებს ვაწყდებით, თუმცა ქალაქში ბევრს ალბათ არც დაცლის მოლოდინში გადავსებული და მიმოფანტული ნაგავი უკვირს.
ქალაქის ცენტრალური ნაწილი,მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.
„დამბინძურებელი იხდის“ ამ პრინციპით მიღებული კანონი თემით დაინტერესებულ პირებს 2021 წლიდან ემახსოვრებათ, კითხვაზე რამდენად ეფექტიანად მოქმედებს ის პრაქტიკაში ქუთაისის მაგალითზე არჩილ ტყაბლაძის პასუხი ასეთია. ,, დამბინძურებელი იხდის პრიციპს რაც შეეხება. დაახლოებით 7 მილიონი ჯდება ქალაქის დაგვა დასუფთავება და ნარჩენების მიტანა ნაგავსაყრელამდე. ჩვენ 2022 წლის 28 დეკემბრის #50 დადგენილებით გავზარდეთ დასუფთავების მოსაკრებელი, ერთ სულ მოსახლეზე ერთ ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ტარიფები სხვადასხვაა საქმიანობის შესაბამისად. ჯარიმა მოსაკრებელს არ გააჩნია, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს, რათა იქნას ამოღებული დავალიანება, რომელიც კომპანიას გააჩნია და არ იხდის.სასამართლო აწესებს ასევე ბაჟის გადასახადა, რომელიც რჩება სასამრთლოს ბიუჯეტში.“
პრობლემის ლოკალურობას თუ გავცდებით, უახლოესი წლების გლობალური ანალიზი ასეთია, დაბინძურებისა და ჯანმრთელობის გლობალური ალიანსის 2019 წლის ანგარიშით ატმოსფერული და შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების შედეგად საქართველოში წელიწადში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე 140 ადამიანი კვდება, აღნიშნული მაჩვენებლით ამავე წელს საქართველომ, ევროპის რეგიონში სერბეთის შემდეგ მეორე ადგილი ,,დაიმსახურა.“ 2021 წლის მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საშუალო წლიური კონცენტრაციის მიხედვით, საქართველო 117 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა, სადაც კონცენტრაცია 21 მკგ/მ3-ს შეადგენს .
თემის ანალიზისას ,, მწვანე მოძრაობის აღმასრულებელი საბჭოს“ წევრი აკაკი ფანჩულიძე ამბობს, რომ ნარჩენების მართვის თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა პრობლემები არსებობს და ეს პრობლემები იქნება მანამ ვიდრე არ მოხდება მოქალაქეების სერვისებით უზრუნველყოფა. ,, სამშენებლო მასალების განთავსება ხშირად სტიქიურად ხდება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში, არსებობს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 2016-2030 წლების ეროვნულ მოქმედებათა 5 წლიანი გეგმა, პირველი 5 წლიდან მხოლოდ მცირე რამ შესრულდა , ამავე სამოქმედო გეგმით სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა 2020 წლამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა მათი უმრავლესობა კვლავ მოქმედია. 2019 წელს ქვეყნის 10 რეგიონში შეგროვებული ნარჩენის მასამ 580565ტონა შეადგინა. 2021 წელს კი 10 რეგიონის მასშტაბით 188 ჰექტარზე 1016 არალეგალური ნაგავსაყრელის იდენტიპიცირება, ხოლო დაიხურა 332 უკანონო ნაგავსაყრელი. 2022-2026 ეროვნულ მოქმედებათა გეგმის შესაბამისად კი მუნიციპალური ნარჩენების მართვა-შეგროვება მოსახლეობის 90 %თან უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ მართვის ისეთი სისტემა რაც მუნიციპალურ ნარჩენებს შეამცირებს“ -აცხადებს ფანჩულიძე.
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 2016-2030 წლების ეროვნულ მოქმედებათა 5 წლიანი გეგმის მეორე ეტაპის ათვლა დაწყებულია, როგორ გაართმევს ახალი ეტაპის ახალ გამოწვევებს თავს ქვეყანა, ამას უახლოესი მომავალი და სტიქიური ნარჩენების სტატისტიკა აჩვენებს.
ავტორი-ეკა შალამბერიძე